ტიტუს ლივიუსი რომაელი ისტორიკოსი.
ტიტუს ლივიუსი დაიბადა პატავიაში (პადუა) შეძლებულ ოჯახში. 28 წლის ასაკში იგი ჩავიდა რომში სადაც მიიღო კარგი განათლება და დაკავდა ისტორიით, ფილოსოფიით და რიტორიკით. მიუხედავად იმისა რომ იგი ოქტავიანეს მეგობარი იყო, ლივიუსი არ იღებდა პოლიტიკაში აქტიურ მონაწილეობას. ცხოვრების უმეტესი ნაწილი მან მიუძღვნა თავის ფუნდამენტალურ ნაშრომებს. ცხოვრების მიწურულს იგი დაბრუნდა მშობლიურ ქალაქში, სადაც გარდაიცვალა 17 წელს.
ლივიუსმა სახელი გაითქვა თავისი ფუნდამენტალური ნაშრომით "რომის ისტორია ქალაქის დაარსებიდან" - "Ab urbe condita" 142 წიგნად. ამ წიგნებზე მუშაობა მან ძვ. წ. 27 წლიდან დაიწყო და როგორც მიიჩნევენ დასრულება ვერ მოასწრო. სამწუხაროდ მისი ნაშრომების დიდმა ნაწილმა ჩვენამდე ვერ მოაღწია. ეს ნაწარმოები მოიცავს რომის ისტორიას მისი ლეგენდარული დაარსებიდან (ძვ. წ. 753) ავგუსტუსის გერის დრუზუსის სიკვდილამდე (ძვ. წ. 9). სრულიად შემოინახა 35 წიგნი, I-X წიგნები, ანუ პირველი დეკადა, სადაც აღწერილია ქალაქის ისტორია დაარსებიდან ძვ. წ. 293 წლამდე, XXI—XLV წიგნები, სადაც მოცემულია ისტორია ძვ. წ. 218 წლიდან, ანუ მეორე პუნიკური ომიდან ძვ. წ. 167 წლამდე, ანუ მესამე მაკედონიის ომამდე, ასევე შემორჩა XCI წიგნის ფრაგმენტები, სადაც სერტორიუსთან ომია აღწერილი და CXX წიგნის ფრაგმენტები, სადაც ციცერონის სიკვდილზეა საუბარი.
არსებობს მოსაზრებები რომ პირველი წიგნები დაიწერა ძვ. წ. 27 - ძვ. წ. 25 წლებში, IX წიგნი დაიწერა ძვ. წ. 20 წელს, ხოლო უკანასკნელი წიგნები ავგუსტუსის სიკვდილის შემდეგ. ავტორს ალბათ სურდა ნაშრომის დასრულება პირველი იმპერატორის სიკვდილით, მაგრამ ვერ მოასწრო.
ნაწარმოების დეკადებად დაყოფა და მის ბაზაზე მოკლე თხზულებების შედგენა დაახლოვებით IV საუკუნიდან დაიწყო. ყველაზე მნიშვნელოვანი ამ გადმოცემული თხზულებებიდან პერიოქები არის.
ლივიუსი თავის ნაშრომებში უფრო ადრინდელ ისტორიკოსებს ეყრდნობოდა (უმცროსი ანალისტები): ლუციუს ელიუს ტუბერონუსს, გაიუს ლიცინიუს მაკრუსს, ვალერიუსს ანციუმიდან, ფაბიუს პიქტორს, კალპურნიუს პიზონს, კლავდიუს კვადრიგირიუსს და პოლიბიუსს.
ლივიუსის მიერ გადმოცემული ფაქტები იმდენად სანდოა, რამდენადაც მისი წყაროები. თვითონ იგი აკრიტიკებს რომის დაარსების ტრადიციულ ლეგენდას და გვთავაზობს ისტორიულად უფრო მისაღებ ვერსიას.
ლივიუსის ნაშრომი გაჟღენთილია პატრიოტული სულისკვეთებით. იგი ახდენს წარსულის იდეალიზაციას და გმობს მისი თანამედროვეების მორალურ და ზნეობრივ დაცემულობას. მისი ასეთი სულისკვეთება და მორალიზმი ავგუსტუსის პოლიტიკას კარგად შეეფერებოდა. ლივიუსი აქცენტს აკეთებს ცალკეულ გამოჩენილ პიროვნებებზე, მათ გმირობებზე და მორალურ თვისებებზე. დაწვრილებით აღწერს მათ საქმიანობას და გადმოსცემს მათ სიტყვით გამოსვლებს. ეს სიტყვები ძალიან კარგადაა დამუშავებული ლივიუსის მიერ. ჩვენამდე მოღწეულ ნაწილში 400 წარმოთქმულ სიტყვას ვხვდებით.
ტიტუს ლივიუსის ნაშრომი ლიტერატურული თვალსაზრისით მართლაც უბადლოა. გადმოცემის ნიჭით და დრამატიზაციით იგი ახერხებს წარსულის სურათების გაცოცხლებას. მისი შესანიშნავი პროზის სტილი არ ჩამოუვარდება ციცერონისას.
ლივიუს ასევე ეკუთვნის ჩვენამდე არ მოღწეული ისტორიულ-ფილოსოფიური დიალოგები და რიტორიკული ნაწარმოები, რომელიც შვილისადმი წერილის ფორმითაა მოცემული. მათში იგი ალბათ თავის კრედოს გადმოსცემდა. ბერძნული ავტორებიდან იგი დემოსფენეს სტილს მიიჩნევდა საუკეთესოდ, ხოლო რომაელებიდან ციცერონისას.
ლივიუსი აგრეთვე ითვლება ალტერნატიული ისტორიის ფუძემდებლად. მან აღწერა ალექსანდრე მაკედონელის და რომაელების ბრძოლის შესაძლებლობა, მაკედონელს რომ უფრო მეტხანს ეცხოვრა.
ქრონოლოგიურად ლივიუსი წარმოადგენს კლასიკურისა და ეგრეთ წოდებული ვერცხლის ხანის ლათინურს შორის გარდამავალ ეტაპს.
ლივიუსმა სწრაფად მიაღწია წარმატებას, მის ნაშრომებს ძალიან დადებითად აფასებდნენ სენეკა უფროსი, სენეკა ფილოსოფოსი, კვინტილიანუსი და პუბლიუს კორნელიუს ტაციტუსი.
This entry was posted
on Monday, October 11, 2010
at 9:16 PM
. You can follow any responses to this entry through the
comments feed
.